
ისლამი მკაცრი რელიგიაა, მაგრამ ეს საპატარძლოს სამოსზე არ აისახება. მუსლიმანური საქორწინო კაბა ნათელი ფერის ქსოვილისგან იკერება, თუმცა ჭრელიც შეიძლება იყოს. თუ კაბისთვის თეთრი ქსოვილი აარჩიეს, მასზე ოქრომკედით აღმოსავლურ ორნამენტებს ქარგავენ. მთავარია, კაბა იყოს სადა, გრძელი, გრძელსახელოებიანი და გულდახურული, ანუ უწინარეს ყოვლისა საპატარძლოს უმანკოებას უსვამდეს ხაზს. ორნამენტები ზოგჯერ ხელით არის შესრულებული. ზოგიერთი ასეთი კაბა მართლაც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.
ტრადიციისამებრ, საპატარძლოს თავსაბურავი ან ფატა უნდა ეხუროს.
ოჯახი, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, ქორწილში აუცილებლად ეპატიჟება ნათესავებს, მეზობლებსა და ახლობლებს _ მუჰამედ წინასწარმეტყველი ხომ ამბობდა: `გაშალე საქორწინო სუფრა, თუნდაც მარტო ცხვარი დაკალიო~. თუ სტუმარი მარხულობს, მასპინძლის თხოვნით შეუძლია დაარღვიოს მარხვა _ ცოდვად არ ჩაეთვლება, მაგრამ ამის შემდეგ ლოცვის წაკითხვა მოუწევს. ამასთანავე, თუ სტუმარმა იცის, რომ ქორწილში დაირღვევა შარიათის კანონები _ იქნება სპირტიანი სასმელი, ცეკვები და სხვა, შეუძლია, სულაც არ წავიდეს.
ქორწილში საგმირო სიმღერები სრულდება. ნებადართულია ცეკვაც, მაგრამ ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ერთობიან.
ქორწილამდე საქმრომ საპატარძლოს უნდა უყიდოს ოქრო _ ე.წ. ქუდი, რომელშიც აწყვია სამაჯურები, ბეჭდები და ყურანი. ქუდის ზომა საქმროს მატერიალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამის შემდეგ ახალგაზრდები ერთმანეთთან უკვე ურღვევ კავშირში არიან.
ტრადიციისამებრ, ნიშნობის წვეულებას საპატარძლოს მამა იხდის, საქორწინოს კი _ საქმრო. ნიშნობამდე მშობლები წინასწარ თანხმდებიან, რამდენ ხანს უნდა იყვნენ დანიშნული ახალგაზრდები. წესისამებრ, ნიშნობა ორ წელს გრძელდება. საქმრო ყიდულობს სახლს, საპატარძლოს მშობლები კი ოჯახისთვის აუცილებელ ნივთებს. ორი წლის განმავლობაში საქმრო საპატარძლოს ყოველი მისვლისას საჩუქარს უძღვნის. მათ დროდადრო ერთად გასეირნებაც შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ დედის ან უფროსი ძმის თანხლებით. საქმროს საცოლესთან მარტო დარჩენა ეკრძალება, მათ შეხვედრას ვინმე უნდა ესწრებოდეს.
მუსლიმანური ტრადიციის თანახმად, საქორწინო ცერემონია იმამის ქადაგებით იწყება. ქორწილის დროს იმამი მოწმეების თანდასწრებით კიდევ ერთხელ ეკითხება ახალგაზრდებს, თანახმა არიან თუ არა, ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირონ. საქმრო სიტყვიერად გამოთქვამს თანხმობას, საპატარძლომ კი შესაძლოა დუმილით გამოხატოს.
საქორწილო სუფრასთან ახალგაზრდები ცალკე სხედან, არც ჭამენ და არც სვამენ. წვეულების შემდეგ წყვილი სახლში შედის, სტუმრები კი ელოდებიან, რომ ქმარმა ცოლის პატიოსნების დამადასტურებელი ზეწარი გამოიტანოს, თუმცა დღეს ამ ადათს თითქმის აღარ იცავენ _ ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ ეს მათი პირადი საქმეა.
მეორე დღეს ახალშეუღლებულთათვის ოთახში საჭმელი და საჩუქრები მიაქვთ.