Wednesday, October 21, 2009

ახალი წელი რაჭა-ლეჩხუმში

რაჭაში 31 დეკემბერი კალანდობის სახელითაა ცნობილი. ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა და მოიტანდა შეშით სავსე მარხილს. შეშაზე დაწყობილი იყო ბაძგარი - მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე. შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა წაღმით აღმოსავლეთისკენ და ამგვარად უნდა მდგარიყო ნათლისღებამდე. ნათლისღებას იკვლებოდა საკალანდო ღორი, აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს.ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს ერთი ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: "წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო".ნავახშმევს შეუდგებოდნენ მეორე დღის სამკლოვიარო სამზადისს. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან ქონიან განატეხს. განატეხი თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური ცხვებოდა სულადობის მიხედვით. მოხარშულ ღორის შიგნეულს ჩაურთავდნენ პურში და აცხობდნენ ერთ განატეხს, ჯვარსახიანს.რაჭაში 31 დეკემბერს ოჯახის წევრის გაღვიძებამდე მოდიოდა ოჯახის შინაური მკლოვიარე - მეკვლე. მკლოვიარეს კარებს უღებდნენ მას შემდეგ, რაც იგი სამჯერ დაარწმუნებდა სახლში მყოფთ, რომ ოჯახისთვის მოჰქონდა ბარაქა, სიკეთე და ჯანმრთელობა.ლეჩხუმში 31 დეკემბერს კალანდა ეწოდებოდა. ქალები კლავდნენ საკალანდო ღორს - ნეზვს. შეიძლებოდა ეს ღორი მზითევში მოყოლილიც ყოფილიყო. ღორის თავი ნათლისღებამდე ეკიდა სხვენზე. იმ დღეს ოჯახის უფროსი კაცი მარხილით შეშას მოიტანდა. აწყობდნენ საოჯახო ტაბლას, რომელზეც იდებოდა პური და ტკბილეული. ჩვეულებრივ, უნდა გამოეცხოთ ექვსი სალოცავი საოჯახო ტაბლა და მეშვიდე უფრო დიდი - ღორის სალოცავი.
რაჭის დაბა-სოფლებში დიასახლისები აცხობდნენ ბასილას, ხაჭაპურებს, ქადებს. დილით, ვინც ადრე გაიღვიძებდა, გაიტანდა ბასილას გარეთ, მივიდოდა მარხილთან, მოწყვეტდა თხილის კოკორს, დაადებდა ბასილას და ისევ შებრუნდებოდა სახლში ამ სიტყვებით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მოვიდა ახალი წელიწადი შეძენისა, მომგობისა, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, მრავალ ამ დღეს დაესწარით ცოლით, შვილით“. ბასილას მაგიდაზე დადებდა, დიასახლისები კი ქმარ-შვილს ჩურჩხელებს ჩამოურიგებდნენ და ულოცავდნენ. დილას წირვაზე მიდიოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ სუფრას მიუსხდებოდნენ და მხიარულობდნენ
ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს "კერია-ბერია"-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით "შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის", შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს "კერია-ბერია"-ს უნაწილებენ.

No comments:

Post a Comment